აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება და ამბობს, თუ დადგინდა რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, ან თუ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს ხელისუფლება დაარბევს, ამერიკის პასუხი - სანქციები იქნება.
კრამერმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება საშიშად შეაფასა. მთავარის ეთერში მან ივარაუდა, რომ ოპოზიცია "ხალხს ქუჩაში გამოიყვანს" და დაინტერესდა იმით, თუ როგორი იქნება ხელისუფლების რეაქცია.
"ვშიშობ, რომ სიტუაცია საქართველოში ფეთქებად-საშიშია. ალბათ ოპოზიცია გაერთიანდება და ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და ამის შემდეგ ძალიან მაღელვებს ის თუ როგორი იქნება ამ ყველაფერზე ხელისუფლების რეაქცია. სწორედ ამიტომ არის ამ გზაზე სიარული სახიფათო. იმედი მაქვს, რომ ამას ყველა ხედავს. რა თქმა უნდა ოპოზიციას აქვს უფლება პროტესტი გამოხატოს, მაგრამ საჭიროა, რომ ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი. თუ პროტესტის უხეში ძალით დარბევა მოხდება, ვფიქრობ, რომ აშშ-გან იქნება რეაქცია და სანქციებიც არ დააყოვნებს.
როგორც აქედან, შეერთებული შტატებიდან ჩანს განსაკუთრებით პრემიერმინისტრ გახარიას გადადგომის გათვალისწინებით ბატონი ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან და თუ ეს დადასტურდა, პირველ რიგში სანქციები სწორედ მის წინააღმდეგ იქნება. ვფიქრობ, ამერიკის კონგრესის რეაქცია იქნება ძალიან ძლიერი. ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული და მათ აქვთ უნარი ეს თავიდან ააცილონ ქვეყანას. მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა დასავლეთის რეაქცია იქნება სანქციები კონკრეტული ინდივიდების წინააღმდეგ.
ბატონი გახარიას საქციელს რა თქმა უნდა ვიწონებ, არ ვიწონებდი რა თქმა უნდა 2019 წელს, მაგრამ ახლა მან როგორც ჩანს არ ისურვა იმ გზის გაგრძელება, რომელიც არასწორად მიაჩნდა", - განაცხადა კრამერმა. მთავარი არხის თარგმანი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა, ხოლო მმართველმა გუნდმა ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.